თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა შ.პ.ს. „ფრესკოს" სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა.
სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს" ქალებისათვის განკუთვნილ გასახდელებში ფარული ვიდეოკამერების არსებობის ფაქტის შესწავლა. შ.პ.ს. „ფრესკოს" ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, სუპერმარკეტების ქსელის ყველა ფილიალის გასახდელ ოთახებში მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი, აღნიშნულ ოთახებში შესვლა კი შეუძლიათ მამაკაცებსა და ადმინისტრაციის ნებისმიერ წარმომადგენელს, მათ შორის, დაცვის უფროსსა და მის მოადგილეს, რომელთაც წვდომა აქვთ ვიდეო ჩანაწერებზე; ამასთან, ხელმძღვანელი პირები, სამსახურში არყოფნის დროს საცხოვრებელი ადგილიდანაც ახორციელებდნენ მონიტორინგს. შ.პ.ს. „ფრესკოს" განმარტებით, ვიდეო კამერები მხოლოდ ქალი დასაქმებულების გამოსაცვლელ ოთახებში იყო დამონტაჟებული, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით გაუმართლებლად მოხდა დასაქმებულ ქალთა პირადი ცხოვრებით დაცულ სფეროში ჩარევა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი