გურია. 15 დეკემბერს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში, საკუთარ თემებში არსებული პრობლემების პრეზენტაციები წარუდგინეს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს.
„შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის, ნასაკირალის, ლაითურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიგვზიანის ახალგაზრდები.
გასულ თვეში, აღნიშნული სოფლების ახალგაზრდებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც გამოვლინდა სოფლებში არსებული პრობლემები და საჭიროებები. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა პრეზენტაციები. დაიგეგმა პირველი შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად ემსჯელათ სოფლების საჭიროებების მოგვარების სტრატეგიებზე.
ყურადღება გამახვილდა საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ტრანსპორტირების, სათამაშო მოწყობილობებისა და საბავშვო ბიბლიოთეკის პრობლემაზე. თემებში ამბულატორიების, აფთიაქების აუცილებლობაზე. ახალგაზრდებისთვის სამეწარმეო საქმიანობისა და კომპიუტერული კურსების შეთავაზების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფის შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში