თბილისი. 21 დეკემბერს, სასტუმრო ჰოლიდეი ინში, სახელმწიფო საქმიანობის მონიტორინგის ფორუმი გაიმართა.
ფორუმმა თავი მოუყარა სამოქალაქო სექტორში დაგროვებულ ცოდნასა და გამოცდილებას სახელმწიფო საქმიანობის სხვადასხვა სფეროს მონიტორინგის კუთხით. შესთავაზა დიალოგის, დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარების სივრცე მონაწილეებს, რაც ხელს შეუწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ამ მიმართულებით და გააჩენს ახალი, ინოვაციური მიდგომების, მეთოდებისა და ტენდენციების მიმართ მეტ დაინტერესებას.
საერთაშორისო პროგრამის (Governing for Growth in Georgia, G4G), წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; მედიის განვითარების ფონდი; საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი) და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი; მთის განვითარების ცენტრი) გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და სახელმწიფო საქმიანობის მონიტორინგის პრაქტიკა ფორუმის მონაწილეებს. მათ ასევე ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ განვითარების სექტორში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს და ინოვაციურ მიდგომებს და დაემყარებინათ პროფესიული კავშირები.
ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის სახელმძღვანელო, რომელიც შეიქმნა "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" პროექტის ფარგლებში. ამ პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით და ფინანსურად მხარს უჭერს ევროკავშირი და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტრო.
აღნიშნული სახელმძღვანელო აღწერს საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე მიმართული სახელმწიფო დაფინანსების (გრანტის) გაცემის მექანიზმებს, სფეროებს და მონიტორინგის მეთოდების ნაკრებს. მისი მიზანია სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტების პროცესის შემფასებლებს მიაწოდოს სრული ინფორმაცია და უზრუნველყოს ისინი საჭირო მეთოდური მითითებებითა და პრაქტიკული მაგალითებით, საკუთარი საქმიანობის უკეთ განხორციელებისთვის. სახელმძღვანელოს პრეზენტაციის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა დააანონსა ქვე-გრანტების პროგრამა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო გრანტების მონიტორინგს და 2018 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.
ფორუმი ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, „საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგის და პოლიტიკის დიალოგის პროცესში გასააქტიურებლად" პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკის დიალოგისა და მონიტორინგის სფეროში, აღჭურვოს ისინი სათანადო ცოდნითა და შესაძლებლობებით, რათა პოლიტიკის დაგეგმვის, განხორცილებისა და შეფასების ეტაპზე შეძლონ უკეთ წარმოაჩინონ ადგილობრივი თემის საჭიროებები და საჯარო ხელისუფლება გახადონ უფრო ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და მონაწილეობითი.