თბილისი. პანკისში მიმდინარე სპეცოპერაციისას 19 წლის ახალგაზრდას დაჭრასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
„სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბრისას ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ სამართალდამცავებმა მძინარე თ.მ.-ს საძინებელ ოთახში შესვლისთანავე ესროლეს, შედეგად, სისხლიანია მისი საწოლი და ბალიში. ოჯახის წევრთა თქმით, ხელყუმბარაც სამართალდამცავებს ეკუთვნოდა" - ნათქვამია განცხადებაში, - „გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის წევრებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშრებით ურთიერთგამომრიცხავია, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ოპერატიულად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა, დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას, არ დატოვოს პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც შესაძლოა საზოგადოებას ლეგიტიმურად მიაჩნდეს. მნიშვნელოვანია, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის პროცესში დაცული იყოს ასევე, მოქალაქეთა – სავარაუდო ეჭვმიტანილთა უფლებები. უპასუხოდ დარჩენილი კითხვები ხელს არ შეუწყობს სამართალდამცველთა მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი