თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პარტნიორ ორგანიზაციას „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრთან" (EHRAC) თანამშრომლობით, გიგა ოთხოზორიას საქმესთან დაკავშირებით, 2018 წლის 11 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა.
ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანთა მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაა დასაბუთებული და აღნიშნულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ასევე, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.
წყარო: საია-ს ვებგვერდი