თბილისი. 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის შეურაცხყოფისთვის 2000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება EMC-იმ, 2018 წლის 6 იანვარს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 16 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველმა ამ საქმეზე „სასამართლოს მეგობრის" მოსაზრება წარუდგინა სააპელაციო სასამართლოს.
„მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღმოფხვრას ის სამართლებრივი ხარვეზები და შეცდომები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 დეკემბრის დაუსაბუთებელი დადგენილებით იკვეთება და საქმეზე დართული მტკიცებულებების შესაბამისად, მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ამასთან, EMC მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით და მხარეებს მისცეს შესაძლებლობა იმსჯელონ, პირველი ინსტანციის მიერ, არასრულფასოვნად გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
რაც შეეხება, ზვიად რატიანის საქმეში არსებული ფრაგმენტული ვიდეო ჩანაწერების კანონიერებას, ამ საკითხის შესწავლის მიზნით, EMC-იმ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge