თბილისი. საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომის უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროკომისრებს მიმართავენ. მიმართვის ადრესატები არიან: ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (NEAR); ევროკომისარი მარიანა ტისენი, გენერალური დირექტორატი დასაქმების, სოციალური საკითხებისა და ინკლუზიის საკითხებში(EMPL); ევროკომისარი სესილია მალმსტრომი, გენერალური დირექტორატი ვაჭრობის საკითხებში.
„ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციებისათვის კარგად არის ცნობილი საქართველოში არსებული სუსტი შრომის პოლიტიკის შესახებ, რომლის შედეგადაც დასაქმებულები ღირსების შემლახავ სამუშაო პირობებში არამდგრად, დაბალანაზღაურებად და დაუცველ შრომას ეწევიან. ხოლო იმ ობიექტებზე სადაც განსაკუთრებულად მაღალია დასაქმებულების დაზიანებისა და დაღუპვის რისკი, ფატალურ საწარმოო შემთხვევებს ყოველ კვირას აქვს ადგილი", - ვკითხულობთ მიმართვაში, - „შრომის პოლიტიკის ცვლილებაზე საზოგადოებაში არსებული მზარდი მოთხოვნებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში ასახული არაერთი მნიშვნელოვანი ვალდებულების ფონზე, საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ სახელმწიფოს შემდგომი ნაბიჯი იქნებოდა ადეკვატური და რეალურად შეუწყობდა ხელს შრომის უსაფრთხოების, მათ შორის შრომის უფლებების დაცვას სამუშაო ადგილებზე. თუმცა, მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი მისი არაერთი პოზიტიური დებულების მიუხედავად, სუსტია მისი აღსრულების ნაწილში და არ მოიცავს საკმარის მექანიზმებს, რაც დაგვარწმუნებდა მთავრობის ნებაში რეალურად დაიცვას დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე".
წყარო: https://emc.org.ge