თბილისი. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის რეკომენდაციათა შესრულების ანგარიშის წარდგენა დასრულდა. ანგარიშები წარმოადგინეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა, საგარეო საქმეთა, კულტურისა და სპორტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.
ანგარიშების წარმოდგენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სხვა საკითხებთან ერთად, სახალხო დამცველი დაინტერესდა ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარების საკითხებით; არსებული სერვისების ქმედუნარიანობით და იმ ზომებით, რასაც სახელმწიფო იღებს პრობლემის გადაჭრისთვის. ასევე, ყურადღება გაამახვილა ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების შესახებ გაცემული რეკომენდაციის შესრულების საკითხზე, ქართული ენის პოპულარიზაციის კუთხით სახელმწიფოს ვალდებულებაზე და აღნიშნა, რომ არსებული პროგრამები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლება, ვერ პასუხობს გამოწვევებს, რაც ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს უშლის ხელს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი