სამეგრელო. 23 მარტს ანაკლიაში, სასტუმრო „პალმ ბიჩში", გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოღვაწე მეწარმეებთან.
„ორგანიზაციის საარსებო წყაროებისა და ეკონომიკური განვითარების პროექტების მენეჯერმა, დავით გუჩუამ David Guchua, სტუმრებს რეგიონში მიმდინარე პროექტი „ზრდა საქართველოში" გააცნო. გარდა ამისა, შეხვედრაზე ნაჩვენები იყო პროექტის ფარგლებში გადაღებული ფილმი, რომელიც ორწლიან შედეგებსა და წარმატებული ბენეფიციარების ისტორიებს მოიცავდა.
საინფორმაციო შეხვედრას 30-მდე მეწარმე დაესწრო. მათ შორის იყვნენ როგორც პოტენციური, ასევე უკვე დაფინანსებული ბენეფიციარებიც. პროექტის ფარგლებში მომავალ კვირას უპროცენტო სესხების მიღების მსურველებს (20 ადამიანი), რომლებმაც პროექტში ჩართვის სურვილი უკვე გამოთქვეს და ცენტრი „აფხაზეთის" ზუგდიდის ოფისში სააპლიკაციო განაცხადი შეავსეს, ბიზნეს ტრენინგებს გაივლიან. ტრენინგის დასრულების შემდგომ კი მონაწილეები ტრენერის უშუალო ჩართულობითა და დახმარებით ბიზნეს წინადადებებს შეიმუშავებენ. აპრილის ბოლოს 15 საუკეთესო ბიზნეს წინადადების ავტორი სასესხო კომიტეტის გადაწყვეტილებით 10 000 ლარამდე ოდენობის უპროცენტო სესხს მიიღებს", ნათქვამია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდის „აფხაზეთი" ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ფონდის ვებგვერდი სოციალურ ქსელში