თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვენ პარლამენტის და მთავრობის მხრიდან ტყიბულის შახტის შემთხვევასთან დაკავშირებით.
„ტყიბულში 5 აპრილს მომხდარმა საწარმოო შემთხვევამ, რომელმაც ექვსი მეშახტის დაღუპვა და სამი მათგანის დაშავება გამოიწვია, ცხადი გახადა სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ დროს გადადგმული ნაბიჯების არაეფექტურობა და არსებული პოლიტიკის უუნარობა რეალურად დააზღვიოს ის რისკები, რაც დასაქმებულების დაღუპვას და დასახიჩრებას იწვევს. სახელმწიფოს პოლიტიკა კი ვერ უზრუნველყოფს ადამიანების მინიმალურ სოციალურ დაცულობას.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ „შრომის უსაფრთხოების კანონის" ინიცირება 2017 წელს სწორედ ტყიბულის შახტში 4 მეშახტის დაღუპვის საპასუხოდ განხორციელდა. არსებული მდგომარეობდა ცალსახად მიუთითებდა კანონის უმოკლეს ვადებში მიღების საჭიროებაზე. ამის მიუხედავად, კანონპროექტის განხილვა თითქმის ერთი წლის მანძილზე გაჭიანურდა, რისი მიზეზი საქართველოს ეკონომიკური გუნდის პოზიციონირება გახდა...
მივიჩნევთ, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა გაიაზროს და აღიაროს მისი მნიშვნელოვანი როლი დასაქმებულთა და მათი ოჯახების ფიზიკური და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და უსაფრთხოების კონტროლის სპეციალური ad hoc სისტემის შექმნითა და სოციალური დაცვის მინიმალური გარანტიების შემუშავებით უზრუნველყოს მათი მყისიერი საჭიროებების გადაჭრა", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge