თბილისი. სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!" განცხადებას ავცელებს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის დასჯადობის შესახებ ინიციატივის თაობაზე.
„უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლმენტის წევრის ემზარ კვიციანიის მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, რომელიც „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის" სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამგვარი ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლების, როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ.
სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ქვეყანაში უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს ძირითად პოლიტიკას უნდა გეგმავდეს და ზრუნავდეს მათ მიერ კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობაზე (მათ შორის ამ მიმართულებით არსებული სისტემური პრობლემების გადაჭრაზე), უმცირესობათა უფლებების შეზღუდვის და საზოგადოებაში ჯანსაღი კრიტიკის ჩახშობის ხელშემწყობად გვევლინება", ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს არც ამ ფორმით და არც რაიმე სხვა ფორმით არ დაუჭიროს მხარი წარდგენილ ინიციატივას.
წყარო: article42.ge