თბილისი. 7 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა.
სახელმწიფოს მიერ ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისა და უფლებების დაცვის საკითხში გატარებული პოლიტიკის და განხორციელებული პროგრამების ეფექტურობის შეფასებისას სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ მიიჩნია, რომ არასაკმარისია ის ინფორმაცია, რაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის და სახელმწიფო სერვისების შესახებ მიეწოდებათ. აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა და წარმომადგენლობითობის გაზრდა, რეგიონული და უმცირესობების ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირება, სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში ეროვნული უმცირესობების ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა. ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პრობლემურია ხარისხიანი, სკოლამდელი, უმაღლესი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის, მულტილინგვური სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის, პედაგოგების მომზადება–გადამზადებისა და ახალი კადრებით ჩანაცვლების საკითხი. ეროვნული უმცირესობების ენოვან სკოლებში მაღალია საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრის მაჩვენებელი, რაც არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი