თბილისი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ახალი პლატფორმის – ბიზნესსაბჭოს ფორმატში, რედისონში გამართულ შეხვედრაზე საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
„აფბას ბიზნესსაბჭოს წევრები არიან საქართველოში მოქმედი როგორც მსხვილი, ისე საშუალო მცირე ბიზნესის, ასევე პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ანალიტიკოსები.
შეხვედრას, ბიზნესსაბჭოს წევრებთან ერთად, მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია და ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია.
ბიზნესსაბჭოს სხდომაზე ბანკებისა და ბიზნესის ურთიერთობაზე, ასევე, ამ საკითხისადმი მონეტარული და ფისკალური ხელისუფლების მიდგომების თაობაზე შინაარსიანი და არგუმენტირებული მსჯელობა შედგა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში