თბილისი. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური განცხადება გააკეთა.
„სახალხო დამცველი საქმეს ორი მიმართულებით სწავლობს: ერთი - რამდენად ჩატარდა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები ან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები რამდენად საკმარისი იყო; მეორე - რამდენად არიან გამოკვეთილი საქმის მასალებში კონკრეტული პირები, რომელთა პასუხისმგებლობის იდენტიფიცირება შესაძლებელია. ჩვენს მიერ ამ ეტაპისთვის იდენტიფიცირებულია გარკვეული ფაქტები, რომელთა გარშემოც გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია. საქმის შესწავლის შედეგად გაჩნდა კითხვები”, - აღნიშნავს სახალხო დამცველი, „აქვე გვსურს მივესალმოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ აქტიურ საგამოძიებო პროცესს. ჩვენი დაკვირვებით პარალელურ რეჟიმში უამრავი საგამოძიებო მოქმედება ხორციელდება და ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე პირს წარედგინა ბრალი. ვფიქრობთ, აღნიშნული პირებისთვის ბრალის წაყენება არსებული კითხვების ნაწილს მაინც გასცემს პასუხს. იმედს ვიტოვებთ, პარალელურ რეჟიმში შინაგან საქმეთა სამინისტროც გასცემს საქმეში არსებულ კითხვაზე პასუხს. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ, ჩვენი შეფასების ერთ-ერთი საგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში 2018 წლის ივნისიდან წარმოებული გამოძიების ეფექტურობის შეფასება იქნება".
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი