თბილისი. 13 ივნისს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) და საქართველოს პრო ბონო ქსელმა, ერთობლივად გამართეს პრო ბონო ქსელისა და მისი პარტნიორების მარათონი 2018.
მარათონის ფარგლებში პრო ბონო ქსელის წევრმა და მათი პარტნიორი 9 ბიზნეს კომპანიის თანამშრომლებმა საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებს სრულიად უსასყიდლოდ დაუმზადეს ვებ-გვერდები. პრო ბონო მარათონის მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავდა სხვადასხვა ტიპის და შინაარსის კონსულტაციებს და საჭიროებდა ბიზნეს კომპანიებიდან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების ჩართულობას (მარკეტინგის სპეციალისტები, copy-writer, ვებდეველოპერები), რათა მათ ბენეფიციარ ორგანიზაციებთან ერთად შეემუშავებინათ თითოეული ვებ-გვერდის კონცეფცია, სტრუქტურა, ტექსტები და დიზაინი. მარათონის მსვლელობისას კი ვებდეველოპერებმა მომზადებული სტრუქტურისა და ტექსტების საფუძველზე, წინასწარ შერჩეული wordpress-ის პლატფორმაზე შექმნეს ვებ-გვერდები.
პრო ბონო პროვაიდერები იყვნენ „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ წევრი კომპანიები: ACT – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი, ვისოლ ჯგუფი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, პაშა ბანკი, პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი PMCG, საქართველოს ბანკი, სადაზღვევო კომპანია – ჯი პი აი ჰოლდინგი; აგრეთვე ქსელის პარტნიორი ორგანიზაცია: ინოვაციების და ტექნოლოგიების ლაბორატორია – ჯეო ლაბი. ღონისძიებას უმასპინძლა – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU).
პრო ბონო მარათონის ბენეფიციარები იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე მუშაობენ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ეს ორგანიზაციებია: ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი“, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი, „მწვანე საჩუქარი“, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია „საგა“, საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია.
ტერმინი პრო ბონო გულისხმობს, მოხალისეობრივ საწყისებზე, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ან მოქალაქეებისათვის პროფესიული მომსახურების გაწევას. საქართველოს პრო ბონო ქსელი შეიქმნა 2015 წელს. იგი წარმოადგენს საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.
პრო ბონო მარათონი გაიმართა პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)