თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროკურატურამ ბრალი წაუყენა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელმაც პოლიციას ყოფილი ქმრის მიერ განხორციელებულ ძალადობისაგან დაცვის მიზნით მიმართა.
„სამართლებრივი დევნა დაიწყო. 2018 წლის ივნისში, პროკურატურამ მოულოდნელად ძალადობაში მხილებული პირი დაზარალებულად ცნო და მსხვერპლს წაუყენა ბრალი ყოფილ ქმარზე ძალადობის და მისი ცრუ დასმენის საფუძვლით. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა მსხვერპლი ქალისთვის ბრალის წარდგენისას დაეყრდნო მიკერძოებულ მოწმეებს და არ გაითვალისწინა სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდებოდა, რომ თამარ ბეკარაშვილი არის ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის, არ გაითვალისწინა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც ამავე ფაქტზე თამარ ბეკარაშვილი ცნობილია ოჯახში ძალადობის მსხვერპლად", - აცხადებს საია, რომელიც, სისხლის სამართლის საქმეზე, ბეკარაშვილის ინტერესებს იცავს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი