en
ge

კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნა სამოქალაქო საზოგადოებისათვის

კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნა სამოქალაქო საზოგადოებისათვის

თბილისი.13 ივლისს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში თბილისში გაიმართა კონფერენცია „საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდამჭერი კამპანია: როგორ დავძლიოთ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები.“ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებული კვლევების ძირითადი მიგნებები, რასაც მოჰყვა ჯგუფებში მუშაობა და დისკუსია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის კომუნიკაციის სტრატეგიის შესამუშავებლად. შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების გამოვლენის, მათი დაძლევის, კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობა. კონფერენციამ შეაჯამა საქართველოს რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგები. აღნიშნული რეგიონული შეხვედრები ჩატარდა ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისადმი ნდობის ნაკლებობის მიზეზების გამოსავლენად. კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს და იმსჯელეს რეგიონული შეხვედრების შედეგად მიღებულ მონაცემებსა და ძირითად მიგნებებზე. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, ივონე გოგოლმა. მისი სიტყვებით, „საზოგადოებრივი ორგანიზაციები წარმოადგენს ჯანსაღი, დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელ ნაწილს. ისინი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი გადაწყვეტილების მიმღებებსა და მოქალაქეებს შორის, საკუთარი საქმიანობის შესახებ მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ მოქალაქეებთან, რათა უფრო ეფექტიანად წარმოაჩინონ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების როლი და პოტენციური სარგებელი. ევროკავშირი რჩება სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მხარდამჭერი, როგორც საქართველოში, ასევე გლობალურ დონეზე.“ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობას, პოლიტიკურ დიალოგსა და ქვეყნის განვითარებაში მისი როლის გაძლიერებას. ეს კი შეუძლებელია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციისა და საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობის გაზრდის გარეშე,“ - განაცხადა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ პროექტის მენეჯერმა, დავით აფრასიძემ. „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი 20 წელია მუშაობს საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესებაზე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს სახელმწიფო გვაღიარებს სექტორს, როგორც ანგარიშგასაწევ ძალას, თუმცა ბევრია სამუშაო იმისათვის, რომ საზოგადოებამ გვაღიაროს, როგორც მათი ინტერესებისა და საჭიროებების დამცველი,“ - აღნიშნა ვაჟა სალამაძემ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორმა. კონფერენციაზე ასევე მოხდა პროექტის ფარგლებში ჩატარებული სახალხო გამოკითხვების შედეგების პრეზენტაცია, რომელიც ერთი მხრივ ეხება სამოქალაქო საზოგადოების, ევროინტეგრაციის და ბიზნესკომპანიების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას და მეორე მხრივ, ბიზნესკომპანიების დამოკიდებულებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ საკმაოდ არათანმიმდევრულია. მოსახლეობა ნაკლებად ენდობა ამ ორგანიზაციებს, თუმცა არც სრულ უნდობლობას ამჟღავნებს. საკმაოდ ხშირად, ხალხი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ემსახურებიან საერთაშორისო აქტორების ინტერესებს და უგულებელყოფენ ქართულ ტრადიციებს. ზოგადი სურათი ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა არ არის საკმარისად ინფორმირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის შესახებ, ხოლო არსებული ინფორმაცია საკმაოდ არათანაბრად არის გადანაწილებული საზოგადოებაში. ინფორმირებულობის განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები. გამოვლენილი დამოკიდებულებების მიხედვით, საზოგადოებრივი სექტორი არ მიიჩნევა დამოუკიდებელ აქტორად. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები უფრო ძლიერი ერთეულებია, ვიდრე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. კონფერენციაზე ასევე გაიმართა რეგიონულ შეხვედრებზე გამოკვეთილი მიგნებების პრეზენტაციაც. რეგიონებში სამუშაო შეხვედრების აუდიტორიას შეადგენდა სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ახალგაზრდები და მასწავლებლები. მათ იმსჯელეს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებსა და დამოკიდებულებებზე, გამოკვეთეს სამიზნე ჯგუფები, ვისთან მუშაობაც აუცილებელია სტერეოტიპების რღვევის კამპანიის ფარგლებში და ადგილობრივ დონეზე არსებული პოტენციური აქტორები, ვისი კამპანიაში ჩართულობაც პოზიტიურ გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს კომუნიკაციის შესაძლო არხებსა და საშუალებებზე, რომელთა გამოყენებაც სტერეოტიპების რღვევის კამპანიის ფარგლებში მაქსიმალურად მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. რეგიონულ შეხვედრებზე დაფიქსირდა ტენდენცია, რომ სტერეოტიპების არსებობა საზოგადოებაში განპირობებულია, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური ფაქტორებით. მათ შორისაა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალი დონე და აქტიური ანტი-დასავლური პროპაგანდა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საზოგადოებაში სტერეოტიპების გავრცელებასა და გამყარებას. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელ რეკომენდაციებზე. აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება, კომპანია ელიოტ ვებერის მიერ. პროექტის გუნდი გეგმავს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გაავრცელოს კომუნიკაციის სტრატეგიის საბოლოო ვერსია. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ კონფერენცია ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)