თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის ცემის ფაქტზე გაჭიანურებული გამოძიების დასრულებას მოითხოვს.
„თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიების საქმეში, რომლშიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს, იწურება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა. გამოძიების დაწყებიდან თითქმის ორი წლის გასვლის მიუხედავად, საქმეზე რაიმე შედეგი არ დამდგარა. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის ამოწურვა გამორიცხავს დანაშაულისთვის პირის პასუხისგებაში მიცემას.
გამოძიების გაჭიანურება და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმეზე ირღვევა კანონის უზენაესობის პრინციპი - სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის, გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობა საქმეში შესაძლოა ხელს უშლიდეს საქმეზე გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას", - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: https://gyla.ge