თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სასულიერო პირების ქადაგებებზე სამართლებრივი რეაგირებისკენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ სასულიერო პირთა მხრიდან აგიტაციის შემცველი განცხადებების გაკეთება არ წარმოადგენს კანონის დარღვევას, მიგვაჩნია, რომ სასულიერო პირებს, მითუფრო − წმინდა სინოდის წევრებს, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას, საკუთარი სტატუსიდან და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ცხოვრებაში მათი როლიდან გამომდინარე. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის" კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, სახელმწიფომ და ეკლესიამ დაადასტურეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით.[2] მიგვაჩნია, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან სახელმწიფო ხელისუფლებისა თუ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ აგიტაციის განხორციელება არ არის მიზანშეწონილი, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს კანდიდატის მოსაზრებები მათთვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.gyla.ge