თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აქვეყნებს განცხადებას კორუფციის სისტემურ პრობლემასთან დაკავშირებით.
„გასული დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში თანამდებობის პირების მონაწილეობის არაერთი შემთხვევის შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია „იბერიას" საქმიანობასთან დაკავშირებით გასაჯაროებული მასალები, რომლებიც მძიმე კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით.
საკითხის მნიშვნელობიდან და ბრალდებების სიმძიმიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელებულ მასალებში მაღალი თანამდებობის პირების სახელები ფიგურირებს და კორუფციაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩართულობის ნიშნები იკვეთება, შექმნილი მდგომარეობა ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. გარდა ამისა, პრობლემის შესაძლო სისტემური ხასიათი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ბოლო დროს გამოვლენილი სავარაუდო კორუფციის ფაქტების ფონზე, აუცილებელს ხდის შესაბამის სისტემურ ნაბიჯებს", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge