თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციმა (საია) ე. წ. ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში კომუნიკაცია წარადგინა.
„მინისტრთა კომიტეტი ამჟამად ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული 4 გადაწყვეტილებისა და 11 განჩინების აღსრულების პროცესს (ე. წ. ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები), მათ შორის, არის საიას წარმოებაში არსებული 3 საქმე: „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ", „ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და „სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ". მოცემული სამი საქმე მომჩივნების სიცოცხლის უფლების ხელყოფას, არასათანადო მოპყრობას, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას და აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობას შეეხება.
მინისტრთა კომიტეტში წარდგენილ კომუნიკაციაში საია-მ აღნიშნულ საქმეებთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების მიერ ინდივიდუალური ღონისძიების შესასრულებლად გატარებული ზომების - ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიების ეფექტურობის საკითხი მიმოიხილა. ამასთან, საია-მ ყურადღება გაამახვილა იმ ზომებზე, რაც აუცილებელია, გატარდეს სახელმწიფოს მიერ მოცემულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების/განჩინებების ეფექტურად აღსრულებისა და გამოძიების ეტაპზე დაშვებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge