თბილისი. ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯგუფები შეშფოთებას გამოხატავენ თბილისში, ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის" ოთხი აქტივისტის მიმართ ჰომოფობიური მოტივით განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე.
„ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ:
კერძო პირების მხრიდან „თანასწორობის მოძრაობის" აქტივისტების ცემისა და მათ მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დროული, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, მსხვერპლებისათვის დაზარალებულის სტატუსის დროული მინიჭება, დანაშაულებრივი ქმედების სათანადო კვალიფიკაციის გამოყენება, ასევე, ჰომოფობიური სიძულვილის მოტივის გამოკვეთა და საპროცესო დოკუმენტებში ნათლად ასახვა. ამასთან, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მოახდინონ გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში