თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) განცხადებით, ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები, სასამართლოს მიერ მათ წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, სამსახურეობრივ პოზიციებს ორი თვის განმავლობაში უკანონოდ ინარჩუნებდნენ.
„გამოძიება მერის პირველი მოადგილის გელა ჩოგოვაძის, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ზაზა რუხაძისა და მერიისა და საკრებულოს ოთხი საჯარო მოხელის (მუნიციპალიტეტს საჯარო მოხელეთა ვინაობა პერსონალური მონაცემების დაცვის არგუმენტაციით არ მოუწოდებია) წინააღმდეგ 2016 წელს დაიწყო, 2018 წლის აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა ისინი თანამდებობებიდან მხოლოდ 2018 წლის 25 სექტემბერს გათავისუფლდნენ. საქმე ეხებოდა 2015 წლის დეკემბერში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში არსებული 5372 კვ.მ მეტრი მიწის ნაკვეთის მაშინდელი გამგებლის მოადგილის, ოთარ ქაშიბაძის მეუღლის ნინო ქაროსანიძისთვის გადაცემის ფაქტს", - აღნიშნულია TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი