თბილისი. „დედამიწის საათი"
მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი მოხალისეობრივი გარემოსდაცვითი აქციაა. წელს ღონისძიება 23 მარტს გაიმართება,
რომლის დროსაც ერთი საათით, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათამდე, გამოირთვება კულტურული, ისტორიული და ეკონომიკური მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების გარე განათება.
ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების, გლობალური დათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. კამპანია „ერთი საათის ფარგლებს” უკვე გასცდა და მიზნად ისახავს მდგრადობის, როგორც ცხოვრების წესის, დამკვიდრებას.
„დედამიწის საათი" პირველად 2007 წელს სიდნეიში აღინიშნა ველური ბუნების მსოფლიო ფონდის ინიციატივით. საქართველო „დედამიწის საათს" 2009 წლიდან აღნიშნავს.
დედამიწის საათი, უპირველეს ყოვლისა საზოგადოებრივი ღონისძიებაა და მსოფლიოს ყველა ადამიანს აერთიანებს. ელექტროენერგიის ერთი საათით გამორთვით ჩვენ კიდევ ერთხელ ვუფიქრდებით იმას, რაც ყველასთვის საერთოა – ჩვენს პლანეტას.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ყოველწლიური ფოტო-კონკურსი „დედამიწის საათი."
წყარო: CENN