თბილისი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, სამართლიანი არჩევებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) განცხადებას ავრცელებენ.
ხელმომწერი ორგანიზაციები პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საპრეზიდენტო კანდიდატებს, პარტიებს და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებენ:
• მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საჯარო განცხადებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სამოქალაქო ომისა და ძალადობის პროპაგანდას და რომელიც მიმართულია ამომრჩეველთა დაშინებისკენ;
• მკაფიოდ დააფიქსირონ, რომ პატივს სცემენ ამომრჩევლის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გამოხატულ ნებას;
• საკუთარ გამოსვლებში აღკვეთონ სიძულვილის ენის შემცველი ან ძალადობრივი კონოტაციის მქონე განცხადებები.
პარალელურად, ისინი მიმართავენ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს:
• დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიონ 30 ოქტომბერს ახალქალაქში მომხდარი ძალადობრივი თავდასხმის ინციდენტი, აგრეთვე ამ პერიოდში მომხდარი დაპირისპირების სხვა ფაქტები. გამოკვეთონ და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ დანაშაულში მონაწილე ყველა პირს;
• საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდში, უშუალოდ კენჭისყრის დღეს და მის შემდგომ, უსაფრთხო და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო.
წყარო: www.isfed.ge