თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია (საია), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიიჩნევენ, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
„გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. მისი თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.
ყალბი დოკუმენტების დამზადება და არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საარჩევნო გარემოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა.
აუცილებელია, რომ შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბების ფაქტით. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და მიიღოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.isfed.ge