თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალო - საქართველო" (TI) აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა ეთიკის კოდექსი ეფექტური სანქციების გარეშე მიიღო.
„ეთიკის კოდექსის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პარლამენტის მხრიდან, თუმცა არსებით ხარვეზს წარმოადგენს დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების ეფექტური მექანიზმების არ არსებობა. მიღებული ეთიკის კოდექსი, ქცევის წესის დარღვევის შემთხვევაში, დეპუტატისთვის სარეკომენდაციო წერილით მიმართვის უფლებამოსილებას ითვალისწინებს. ასევე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება იმ დეპუტატების სახელები, რომლებმაც დაარღვიეს ეთიკის კოდექსი, დარღვევის მცირე აღწერით", - აღნიშნულია TI-ის მიერ გავრცელებულ შეფასებაში, - „მნიშვნელოვანი ხარვეზების მიუხედავად, პარლამენტის მხრიდან კოდექსის მიღება ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯია და ვიმედოვნებთ, რომ ეთიკის კოდექსი ეფექტურად იმუშავებს, ეტაპობრივად გაუმჯობესდება და დაიხვეწება პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზებიდან გამომდინარე".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი