თბილისი. სავარაუდოდ, უცნობი, ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი განცხადებას ავრცელებს.
„შექმნილ ვითარებაში, მოვუწოდებთ: საქართველოს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ბოლო პერიოდში, ისევე როგორც მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირებული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტების გამომწვევი მიზეზების შესახებ; ჯანდაცვის სამინისტრომ, სხვა უწყებების ჩართულობით, შექმნას გაფართოებული სამუშაო პლატფორმა, სადაც პროფესიული და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით, განისაზღვრება მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები; სახელმწიფომ დაგეგმოს და გადადგას რეალური პრევენციული ნაბიჯები ნარკოტიკებით გამოწვეული ინტოქსიკაციის და გარდაცვალების ფაქტების შემდგომი პრევენციის მიზნით; საქართველოს პარლამენტმა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის განხილვას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge