აჭარა. პროექტის „სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრი" ფარგლებში „ოცნების ქალაქში" მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებისთვის (10-დან 30 წლამდე ბენეფიციარებისთვის) ხორციელდება სასწავლო-საგანმანათლებლო კურსი ინგლისურ ენაში. მას ორგანიზაციის თანამშრომელი, პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგი - ელზა ლემსაძე ატარებს.
„ინგლისური ენის კურსები ტარდება კვირაში ორჯერ, ორი საათის განმავლობაში. სწავლების პროცესი დატვირთულია სხვადასხვა სავარჯიშოებით და ინგლისურენოვანი აუდიო მოსასმენი დავალებებით.
სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრის მეორე აქტივობაა ცენტრის მონაწილეებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რომელსაც ორგანიზაციის თანამშრომელი ქეთი ადეიშვილი ატარებს. მოხალისეებს ჩაუტარდებათ ტრენინგ-სემინარები შემდეგი მიმართულებით: როგორ დავწეროთ CV/რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, გასაუბრების/ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური პასუხების გაცემა, როგორ დავგეგმოთ კარიერა და ა.შ.
ტრენინგ/სემინარებზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილებაც, რაც მოიცავს სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებს და სიტუაციურ ამოცანებს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში