თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საპროკურორო საბჭოსთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებულ დასკვნას ავრცელებს.
„დღეს ვენეციის კომისიამ გამოქვეყნა მოსაზრებები ორი კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საპროკურორო საბჭოს - მარეგულირებელ კანონმდებლობაზე. დასკვნაში კომისია ყურადღებას ამახვილებს, კონსტიტუციის ახალი რედაქციით ფორმირებული კონსტიტუციური ჩარჩოს პირობებში, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური მოწყობის, საქმიანობის ფორმებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე. ვენეციის კომისია გატარებული რეფორმების ნაწილს პოზიტიურად აფასებს, თუმცა დასკვნაში წარმოდგენილი მოსაზრებები ნათლად მიუთითებს, როგორც სასამართლოში, ასევე პროკურატურის სისტემაში შემდგომი, ძირეული, რეფორმების საჭიროებაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო: https://emc.org.ge