თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) აცხადებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ყველა სამოხელეო დანაშაულზე გავრცელება დაუშვებელია. საუბარია „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.
„ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ყველა სამოხელეო დანაშაულზე უნდა გავრცელდეს", - ნათქვამია TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „მივმართავთ პარლამენტს: საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე თავი შეიკავოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონმდებლობის ფრაგმენტული ცვლილებებისაგან, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის რისკებს; კანონპროექტზე მსჯელობისას გაითვალისწინოს ჩვენ მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები; კანონპროექტის ინიციატორისაგან მოითხოვოს თითოეულ მუხლზე დასაბუთება (სტატისტიკა, კვლევა, რეკომენდაცია თუ პრაქტიკის ანალიზი), თუ რაზე დაყრდნობით უნდა გავრცელდეს აღნიშნულ დანაშაულზე ფარული საგამოძიებო მოქმედება, რა ლეგიტიმური აუცილებლობის წინაშე დგას სახელმწიფო ფარული საგამოძიებო მოქმედებებით აღკვეთოს სამოხელეო დანაშაულის თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი