თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) აცხადებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ყველა სამოხელეო დანაშაულზე გავრცელება დაუშვებელია.
„საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობის ინიციატივას „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (07-2/265; 25.10.2018), რომლის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ყველა სამოხელეო დანაშაულზე უნდა გავრცელდეს", - ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, რამდენიმე ძირითადი საკითხი გვსურს გამოვყოთ, რომლებზეც საქართველოს პარლამენტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს: ფარული საგამოძიებო მოქმედებების გავრცელება ყველა სამოხელეო დანაშაულზე, მათ შორის გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებზეც, დაუშვებელია; საკანონმდებლო ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის არაეფექტურ და შეუსაბამო გზას წარმოადგენს; საკანონდებლო ცვლილებები ცდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებს; პარლამენტმა უნდა შეისწავლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულება და მხოლოდ მას შემდეგ იქნას შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები; ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ფრაგმენტული ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი