თბილისი. ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიცია გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას ბავშვთა დაცვის სისტემის რღვევასა და შედეგად, ბოლო პერიოდში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე და აფიქსირებს პოზიციას ქვეყანაში სისტემურ პრობლემასთან დაკავშირებით. „მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 22 იანვარს 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ ოჯახში ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების შეფასებით ამგვარი ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ბავშვთა დაცვის სისტემის გაუმართაობაა, რაც უმკაცრესად უნდა იყოს შეფასებული საზოგადოების და საგამოძიებო ორგანიზაციების მხრიდან. უკვე რამდენიმე წელია, ბავშვთა დაცვის სისტემა ქვეყანაში სრულყოფილად ვერ ემსახურება ბავშვების დაცვის ჭეშმარიტ ინტერესს. მიუხედავად ძალადობის შესახებ შეტყობინებების მატებისა, სისტემა ხშირ შემთხვევაში ვერ იცავს ეფექტურად ბავშვებს და თავისი უმოქმედობით ხდება ძალადობის ხელშემწყობი. ძალადობის შეტყობინებების უმრავლესობა კი ფაქტიურად მხოლოდ სტატისტიკად რჩება. პრობლემა მდგომარეობს სხვადასხვა დონის გადაწყვეტილების მიმღები პირების არაკომპეტენტურობაში, რაც თავისთავად წარმოშობს ადამიანური და ფინანსური რესურსების კრიტიკულ დეფიციტს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)