თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გერისათვის მემკვიდრეობის უფლების აკრძალვის კონსტიტუციურობის დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
„საია სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ გერი არ წარმოადგენს თავისი დედინაცვლის ან მამინაცვლის კანონით მემკვიდრეს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დედინაცვალს ან მამინაცვალს არ ჰყავს სისხლით ნათესავები და ანდერძი არ შეუდგენია გერის სასარგებლოდ. თუკი დედინაცვალს ან მამინაცვალს არ ჰყავს ახლო ნათესავები, გერის ნაცვლად, მისი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
სამოქალაქო კოდექსის 1226-ე მუხლი აკისრებს დედინაცვალს და მამინაცვალს არასრულწლოვანი გერისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულებას, თუ გერს არა აქვს შესაძლებლობა, ალიმენტი მიიღოს საკუთარი მშობლებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 1227-ე მუხლი გერსაც აკისრებს თავისი შრომისუუნარო დედინაცვლისა ან მამინაცვლის რჩენის ვალდებულებას. ამ ვალდებულების მიუხედავად, გერი და დედინაცვალი (მამინაცვალი) ვერასოდეს გახდებიან ერთმანეთის მემკვიდრეები, თუნდაც სიცოცხლეში არჩენდნენ ერთმანეთს და მათ სხვა ბიოლოგიური ნათესავები არც ჰყავდეთ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge