თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) ინფორმაციით, „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” დირექტორის, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ქებურიას წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები - „ზუგდიდავტოტრანსჯორჯია”, „ზუგდიდავტოტრანსი” და „სუფთა ქალაქი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტენდერებში იმარჯვებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების მიერ ტენდერებში გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასთან და შემსყიდველი ორგანიზაციების მიუკერძოებელ მიდგომასთან დაკავშირებით.
შესაბამისად მოვუწოდებთ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და ინსპექტირებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურებს, დროულად შეისწავლონ ზემოხსენებული კომპანიების მიერ ტენდერებში გამარჯვების საკითხი; საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ბადრი ნემსაძის ქონებრივი დეკლარაცია და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი