თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ.
„რა სმენია საქართველოს მოსახლეობას ამ პროცესის შესახებ? სატელეფონო გამოკითხვის მიხედვით, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ ჩატარდა, საზოგადოებას არ აქვს ბევრი ინფორმაცია დანიშვნის პროცესზე და უმეტესად არ იცნობს წარდგენილ კანდიდატებს. გამოკითხული რესპონდენტები არც იმ კანდიდატთა დანიშვნას ემხრობიან, რომელთა შესახებაც ინფორმაცია აქვთ. და ბოლოს, მოსახლეობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით.
საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის ზუსტად ნახევარს სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენისა და პარლამენტის მიერ განხილვის გადადების შესახებ. მათი დაახლოებით მეხუთედი (22%) ნდობას უცხადებს ამ პროცესს. თითქმის ნახევარი (48%) არ ენდობა, ხოლო 30%-ს ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge