თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები მართლმსაჯულების გადასარჩენად პეტიციას აქვეყნებენ.
„საქართველოს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმის საკითხი მუდმივად დგას დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. წლების განმავლობაში მიმდინარე რეფორმებმა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია და შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოხატეს მყარი პოლიტიკური ნება, უარი ეთქვათ სასამართლოს კონტროლზე, რაც მძიმედ აისახა საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებებზე, ქვეყნის რეპუტაციასა და დემოკრატიულ განვითარებაზე.
პეტიციაზე ხელმომწერი პირები და ორგანიზაციები, მოვითხოვთ:
- დატოვონ თანამდებობები უსამართლობის სიმბოლოდ ქცეულმა მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომელთაც მხარი დაუჭირეს კლანური პრინციპით გადაწყვეტილებების მიღებას. კლანის წევრებმა სხვა მოსამართლეებს მისცენ უფლებამოსილებების ღირსეულად შესრულების შესაძლებლობა;
- ხელისუფლებამ შეწყვიტოს მოსამართლეთა გაბატონებული კლანის მხარდაჭერა;
- შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები, ვიდრე ძირეული რეფორმების შედეგად სასამართლო გათავისუფლდება კლანური მმართველობისგან;
- საზოგადოებრივი ჯგუფების ფართო ჩართულობით დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლო სისტემის სიღრმისეული რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მკაფიო მიზანიც სასამართლოს კლანური მმართველობისგან გათავისუფლება იქნება", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო: idfi.ge