თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თამაზ ახობაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.
„თამაზს პროტესტის ამ ფორმის არჩევა სახელმწიფო უწყებების უმოქმედობამ აიძულა, რაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობაში გამოიხატა", - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს: იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ დანაშაულის პრევენციის ცენტრს - დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, აღადგინოს თამაზ ახობაძე სამსახურში და აუნაზღაუროს მას განაცდური ხელფასი; აღსრულების ეროვნულ ბიუროს - მიიღოს შესაბამისი ზომები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად; საქართველოს პროკურატურის ორგანოებს - წინამდებარე საქმეზე დაიწყონ გამოძიება და დაადგინონ, რამდენად იკვეთება დანაშაულის ნიშნები შესაბამისი პირების ქმედებებში".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი