თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" საქორწინო კონტრაქტების არსებობის შემოწმების და ქორწინებასთან დაკავშირებული მეუღლეთა უფლებებისა და ვალდებულებების კანონით რეგისტრაციის ფაქტების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
„ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოში სანოტარო წესით დამოწმდა 151 საქორწინო კონტრაქტი. ამასთან, დაცული მონაცემების მიხედვით, მხარეებმა გააუქმეს 3 საქორწინო ხელშეკრულება. ერთიანი ელექტრონული რეესტრის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქორწინო ხელშეკრულების მონაწილე პირების ასაკის შესახებ ინფორმაცია არ მუშავდება. უცნობი რჩება კონტრაქტის სტანდარტული პირობებიც, ვინაიდან მხარეები ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავენ ინდივიდუალურად. ამასთან, ადგილი აქვს სამწუხარო რეალობას, როდესაც სასამართლო არ ახდენს მოთხოვნილი დავის საგნით ინფორმაციის (გადაწყვეტილებების) სტატისტიკურ აღრიცხვას. ამასთან, საქორწინო ხელშეკრულებების გაფორმებისა და შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება - შენახვა არ ხდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.barristers.ge