თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნით, სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საჯარო სამსახურის რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვა ხარვეზებით, რიგ შემთხვევებში კი, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევებით მიმდინარეობს. ამ დასკვნას საია შესაბამისი კვლევის შემდეგ აკეთებს.
„კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემები უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სამინისტროებში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე პირების უკონკურსოდ დანიშვნის ზრდის ტენდენცია, პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების სისტემის დაგვიანებით ამოქმედება და საჯარო მოხელეებს შორის შეფასების შედეგების არაპროპორციული გადანაწილება, ასევე რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების სხვა სამინისტროებში მობილობის დაბალი მაჩვენებელი და სამინისტროების მიერ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისათვის გადახდილი კომპენსაციის დიდი ოდენობა", - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი