თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის განხილვა გასულ კვირას დაიწყო, ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისათვის ამ კრიტიკულ მომენტში არსებულ გამოწვევებზე სრულფასოვან პასუხს.
„სასამართლო სისტემისათვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისას მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ადგილობრივი კონტექსტი და რეალობაში არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველი აუცილებლად გადაუგზავნის თავის დეტალურ მოსაზრებებს ვენეციის კომისიას და იმედს ვიტოვებთ რომ მოხდება მათი მხედველობაში მიღება”, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „ასევე მივმართავთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას (ODHIR), კანონპროექტის დამატებითი სამართლებრივი შეფასებისათვის. საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ ინსტიტუციას, უფლება აქვს მიმართოს ODIHR-ს. ეს უკანასკნელი უფლებამოსილია წარმოადგინოს მოსაზრებები და კომენტარები კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს წინაშე აღებულ სახელმწიფოს ვალდებულებებთან. სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები ექცევა ეუთოს მანდატის ქვეშ და წარსულში მათ ამ მიმართულებით არაერთი მოსაზრება აქვთ მომზადებული. იმედს ვიტოვებთ, შესაძლებელი იქნება დაჩქარებულ რეჟიმში კანონპროექტის შესახებ მოსაზრებების მომზადება და წარმოდგენა".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი