2019 წლის 20-24 მაისს, ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის, ყოველწლიური სტრატეგიული მრგვალი მაგიდის შეხვედრების მორიგი სერია გაიმართა. შეხვედრები შეეხებოდა მესამე სექტორსა და სასამართლოს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშე სასამართლოს ორგანოები დგას.
მრგვალი მაგიდის შეხვედრებში მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები და პროკურორი, ასევე პროკურორის ოფისის, რეგისტრატურისა და სასამართლოს სხვა სექციების წარმომადგენლები, მესამე სექტორის მხრიდან კი - ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოდან, შეხვედრებს ესწრებოდნენ: „ადამიანის უფლებათა ცენტრის", „კონსტიტუციის 42-ე მუხლის", „საერთაშორისო სამართლიანობის", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის" წარმომადგენლები.
წყარო: gyla.ge