სამეგრელო-ზემო სვანეთი. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „პრესა ჯი"-ს რედაქტორისა და ,,აიტივის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე განიხილა.
გიორგი კაპანაძე პოლიციის თანამშრომლებმა 2019 წლის 19 მაისს, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნების დღეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დააკავეს და, მოგვიანებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე შეუდგინეს.
5 ივნისს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყვიტა საქმის წარმოება წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში. რაც შეეხება 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, სასამართლომ სამართალდარღვევა ჩადენილად მიიჩნია, თუმცა, დარღვევის მცირემნიშვნელობიდან გამომდინარე, გიორგი კაპანაძეს სახდელის ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნა მისცა. გიორგი კაპანაძის ინტერესებს საიას ზუგდიდის ოფისი იცავს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი