თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო განცხადებით მიმართავს.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის ცნობილი გახდა, რომ 8 ივლისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე 2 აქციის გაშუქებისას დემონსტრანტთა ნაწილი აგრესიული იყო ჟურნალისტების მიმართ, ხელს უშლიდა მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას. ამის საპასუხოდ რეპორტიორების დაცვის ნაცვლად სამართალდამცავები მათ ურჩევდნენ ტერიტორიის დატოვებას. ამასთან ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის უწევთ ახსნა თუ რატომ არის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა დანაშაული“, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „მოგმართავთ თხოვნით, მიაწოდეთ ინფორმაცია თითოეულ სამართალდამცავს იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაცულია ჟურნალისტის საქმიანობა, რეპორტიორები იმყოფებიან დემონსტრაციაზე არა როგორც მხარდამჭერები, არამედ მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის. ამიტომაც სამართალდამცავები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება. დაიცავით ჟურნალისტები სხვადასხვა პირთა აგრესიული ქმედებებისგან და მიეცით საშუალება თავისუფლად გააშუქონ მიმდინარე მოვლენები“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)