თბილისი. ცხინვალის რაიონული სასამართლოს მიერ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის ხელახალ განხილვასთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) განცხადებას ავრცელებს.
„დღეს ცხინვალის რაიონული სასამართლო იწყებს თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვის მესამე ციკლს. სამხრეთ-ოსეთის დე-ფაქტო სასამართლომ თამარი მეარაყიშვილი მის წინააღმდეგ წარმოებული ყველა ბრალდების ნაწილში ორჯერ გაამართლა, მათ შორის უკანასკნელად 2019 წლის 10 ივლისს, როდესაც ახალგორის რაიონულმა სასამართლომ მას ყველა ბრალი მოუხსნა.[1] თუმცა დე-ფაქტო პროკურატურა კვლავ აგრძელებს სასამართლო პროცესებს. მათ 10 ივლისის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და შესაბამისად პროცესები განახლდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „იმ პირობებში, როცა ახალგორელი აქტივისტი მარტოა დარჩენილია დაუსაბუთებელი ბრალდებების წინაშე და არსებობს მისი დაპატიმრების რისკები, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გაძლიერდეს საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და ზეწოლა დე-ფაქტო ორგანოების მიმართ. მათ შორის, მნიშვნელოვანია რომ თამარის საკითხი დადგეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების უახლოეს რაუნდზე, რომელიც სექტემბერში იგეგმება. საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება გადამწყვეტი იქნება თამარის შესაძლო უსაფუძვლო პატიმრობის თავიდან ასაცილებლად, ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ რეჟიმზე ზეწოლის სხვა ეფექტური მექანიზმი და შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)