2019 წლის 5 მარტს ამოქმედდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომელიც ადგენს სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებსა და პრევენციული ღონისძიებების პრინციპებს. გარდამავალ ეტაპზე კანონი ვრცელდებოდა მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. თუმცა, 2019 წლის 1 სექტემბრიდან კანონის მოქმედება გავრცელდა ყველა დამსაქმებელზე, მათ შორის ყველა კერძო სამართლის იურიდიულ პირზე, ფიზიკურ პირსა და პირთა გაერთიანებაზე. კანონი სხვა ვალდებულებებთან ერთად, ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას - დანიშნოს ან მოიწვიოს სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი (პირი რომელსაც გავლილი აქვს კანონით გათვალისწინებული აკრედიტებული სპეციალური პროგრამა). შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქციაა შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვა და მართვა. დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები (იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს კანონით გათვალისწინებული აკრედიტებული პროგრამა). თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)