თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადების საფუძველზე, დასაქმების ადგილზე, განსხვავებული მოსაზრების გამო, შევიწროებით გამოხატული დისკრიმინაცია დაადგინა.
EMC წარმოადგენდა შპს "კომპანია ბლექ სი გრუპის" ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს ამავე კომპანიის დირექტორის მოადგილის წინააღმდეგ, რომელიც განმცხადებლების მიმართ არაეთიკური კომუნიკაციის ფორმების გამოყენებით სამუშაო ადგილზე მტრულ, დამამცირებელ და ღირსების შემლახავ სამუშაო გარემოს ქმნიდა.
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა კომპანიის დირექტორის მოადგილეს მომავალში, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას თავი შეიკავოს ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მიმართვისგან და სამუშაო ადგილზე არ შექმნას მტრული გარემო.
რეკომენდაცია გაიცა ასევე კომპანიის დირექტორის მისამართით, რათა კომპანიამ რეაგირება მოახდინოს განმცხადებლების შევიწროვების ფაქტზე, დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს თანამშრომელთა მიმართ რაიმე ტიპის დისკრიმინაციის შემთხვევებზე, შეიმუშავოს და თანამშრომლებს გააცნოს თანასწორობის პრინციპის ამსახველი დოკუმენტი და კომპანიაში არსებული სამუშაო გარემო და ეთიკა შეუსაბამოს თანასწორობის პრინციპს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)