გურია. 22 ივნისს ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, „საზოგადოებრივი დარბაზის" რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც სხვა განსახილველ საკითხებთან ერთად წარმოდგენილ იქნა ოზურგეთში მომუშავე დემოკრატიული მმართველობის პროგრამის გრანტიორი ორგანიზაციების საქმიანობები. დაგეგმილი შეხვედრის ორგანიზატორები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა - დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3). ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამას „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებული შეთანხმების წერილი (LOA) ითვალისწინებს მრავალ ღონისძიებას, რომელიც ოზურგეთის თვითმმართველობის მუშაობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებასთან ეფექტური კავშირისაკენ არის მიმართული. ამ მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან სამუშაოდ დემოკრატიული მმართველობის პროგრამის ფარგლებში ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა არასამთავრობო ორგანიზაციები: ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, მუნიციპალური სერვისების მიმწოდებელთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი და ადგილობრივი მედია საშუალება – დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია „გურია”.