თბილისი. ამ წუთებში, ევროპის ფონდი და გლობალური ინიციატივა ფისკალური გამჭვირვალობისათვის (GIFT) მასპინძლობენ ერთობლივი პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ფისკალური პოლიტიკის განხორციელებისას მოქალაქეების ღია და ინკლუზიურ ჩართულობას ემსახურება.
ევროპის ფონდისა და GIFT-ის პარტნიორობა ეფუძნება იდეას, რომ მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო პოლიტიკაში სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. რეალური მონაწილეობის მისაღწევად აუცილებელია ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბება მოქალაქეებსა და საჯარო სექტორს შორის: „მოქალაქეებმა მთავრობას უნდა მიაწოდონ რესურსები და შეასრულონ ზედამხედველის როლი საჯარო ფინანსებთან მიმართებაში, ხოლო მთავრობისგან მიიღონ სრული ინფორმაცია საჯარო ფინანსებსა და ფისკალურ პოლიტიკაზე შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ ფისკალური პოლიტიკის შემუშავებაში“.
ევროპის ფონდი და GIFT-ის ქსელი იმუშავებენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ისე საჯარო სექტორთან იმისათვის, რომ გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობა, ჩაერთონ ფისკალური პოლიტიკის შემუშავებასა და მოქალაქეებზე ორიენტირებული ბიუჯეტირების პროცესში. ამ მიზნით ევროპის ფონდი ორგანიზებას გაუწევს ტრენინგებსა და ღონისძიებებს, რომლებიც ამ საკითხთან მიმართებაში სექტორებს შორის დიალოგის დაწყებას შეუწყობს ხელს. ამასთან ევროპის ფონდი და GIFT-ი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებენ კვლევას, რომელშიც გაზიარებული იქნება საერთაშორისო გამოცდილება, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ღია და ინკლუზიური ბიუჯეტირების მისაღწევად. დამატებით, გაიცემა გრანტები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობენ, ერთი მხრივ, საჯარო ფინანსებზე სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელებას და, მეორე მხრივ, ეფექტურ და საჭიროებებზე დაფუძნებული სერვისების განხორციელებას.
წყარო: http://www.epfound.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)