თბილისი. „მითების დეტექტორი“ აქვეყნებს ბლოგპოსტს: როგორ გააყალბა „ქართული მარშის“ წევრმა ლევან ბერძენიშვილის ფეისბუქ პოსტი.
„5 თებერვალს ანტილიბერალური ჯგუფის „ქართულის მარშის“ წევრმა ბექა ვარდოსანიძემ პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა რესპუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის ფეისბუქ პოსტის სქრინი, რომელიც 10 ივლისითაა დათარიღებული. ლევან ბერძენიშვილის ფეისბუქ პროფილის პოსტის სქრინი შეიცავდა უცენზურო სიტყვას საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მიმართ: „თუ გინდათ მომტყანით, მაინც ვიტყვი, რომ ზალკალიანს უყვარს სამშობლო”. აღნიშნულ პოსტს ერთვოდა „ქართული მარშის” წარმომადგენლის მინაწერი, სადაც ის ბერძენიშვილის უცენზურო გამონათქვამის გამო ბოდიშს იხდიდა: “ლიბერალების მთავარი ინწელექწუალი :) ბოდიში უცენზურობისთვის!!!”.
ლევან ბერძენიშვილის ფეისბუქ პოსტის სქრინი ფოტოშოპში ან მსგავს პროგრამაშია დამუშავებული, რადგან ორიგინალ პოსტში ფრაზა “თუ გინდათ მომკალით” წერია, რომელიც უცენზურო სიტყვით არის ჩაანაცვლებული. პოსტი, რომელიც 2019 წლის 10 ივლისით არის დათარიღებული “ქართული მარშის” წარმომადგენელმა 2020 წლის 5 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში ვიზიტის კონტექსტში ლიბერალების დისკრედიტაციის მიზნით გამოაქვეყნა“, ნათქვამია მითების დეტექტორის ვებგვერდზე.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)